არასაკმარისი ძილი მუცლის ცხიმის ზრდას იწვევს

თუ დასაძინებლად ჯერ კიდევ კონკრეტული მიზეზი გჭირდებათ, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ არასაკმარისი ძილი მუცლის ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტში 12 ჯანმრთელი ადამიანი იყო ჩართული და მათ 21 დღის მანძილზე აკვირდებოდნენ. შედეგად, არასაკმარისმა ძილმა მათი მუცლის ცხიმი 9%-ით, ხოლო მუცლის ვისცერული ნაწილი 11%-ით გაზარდა.

კონკრეტულად ვისცერული ცხიმი კი ჩვენი შინაგანი ორგანოების ირგვლივ გროვდება და გულისა და მეტაბოლური დაავადებების რისკს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმი ჩვეულებრივ ჩვენ კანქვეშაა მოქცეული, არასაკმარის ძილს იგი ჩვენს შინაგან ორგანოებამდე ჩააქვს და ჯანმრთელობისთვის მეტად სახიფათოს ხდის.

იმისთვის, რომ გაეგოთ, რა გავლენას ახდენდა არასაკმარისი ძილი ჩვენს ჯანმრთელობაზე, მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს ღამით 9 საათი ეძინათ, მეორეს კი 4 საათი. ეს ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სამი თვის შემდეგ კი იგივე ექსპერიმენტი ჩაატარეს, თუმცა ამჯერად ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს. ხოლო გარდა ვისცერული ცხიმის დაგროვების განსხვავებებისა, მონაწილეები, რომლებსაც ნაკლები დრო ეძინათ, საშუალოდ დღეში 300-ზე მეტ კალორიას, 13 პროცენტით მეტ პროტეინსა და 17 პროცენტით მეტ ცხიმს მოიხმარდნენ.

მთელი კვლევის განმავლობაში კი, ექსპერტები ენერგიის მიღებასა და ხარჯვას, სხეულის წონას, ცხიმის რაოდენობასა და სხვა მრავალ დეტალს აკვირდებოდნენ. თუმცა განსაკუთრებული ცვლილება არ შეუნიშნავთ, სანამ კომპიუტერული ტომოგრაფია არ გამოიყენეს. შედეგად, ვისცერული ცხიმის დაგროვებაზე მიიღეს ინფორმაცია, რაც მცირე წონის მატების გამო, სხვაგვარად ვერ შეამჩნიეს. ხოლო ის, რომ მუცლის ცხიმის დაგროვება თვალით ძნელად შესამჩნევია, მას მეტად საშიშს ხდის.

ისიც ვიცით, რომ ძილი მეხსიერებისთვის, სხეულის სიჯანსაღისთვის, ფსიქიკური თუ ფიზიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ამას ხშირად მაინც ვერ ვახერხებთ. მეცნიერები კი ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს გვირჩევენ.

კომენტარები