6 ნიშანი იმისა, რომ შენს სასიყვარულო ურთიერთობას პერსპექტივა არ აქვს

არაერთხელ გვითქვამს, რომ სასიყვარულო ურთიერთობები უდიდეს გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, არადა ასეთ დროს საქმეში გონების ჩართვა ძალიან არ გვინდა ხოლმე. თანაც, სამწუხაროდ, უმეტესად ისეთ ადამიანებს ვირჩევთ, რომელთა ნდობაც არ შეიძლება, თუმცა ამას მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ვაცნობიერებთ ხოლმე. ყოველთვის გახსოვდეს, რას იმსახურებ და გაეცანი ჩვენს რჩევებს, რომლებიც საბედისწერო შეცდომებისგან დაგიცავს:

6. ნუ დააიგნორებ „წითელ დროშას“

თუ შენი ინტერესის ობიექტი ინდიფერენტულობას ან ალოგიკურ ქცევას ავლენს, აშკარად უპატივცემულოდ გეპყრობა, ან ხედავ, რომ მის ცხოვრებაში შენი ადგილი არ არის, მოგიწევს, საკუთარ თავს მოერიო, მიუხედავად იმისა, რომ მის გამო ჭკუას კარგავ. მისი საქციელის გამართლებასაც ნუ დაიწყებ: თუ ის მართლაც „ის ერთადერთია“, ასე ადვილად არ დაგკარგავს – აუცილებლად დაინტერესდება, რამ გაგაბრაზა, ან მისი ნახვა რატომ აღარ გსურს. თუმცა როდესაც მეორე მხრისგან ზემონახსენები სიგნალები მოდის, ეჭვი გვაქვს, არც „ის ერთადერთია“ და არც შენი გაქრობის მიზეზების გარკვევით აპირებს თავის მოკვლას; ამიტომაც გაუშვი, თითქოს არც ყოფილა და ახალი ცხოვრება დაიწყე!

5. ნუ გაერთობი ოცნებით

პირველ პაემანზე ყოველთვის რთულია მიხვდე, შენს პირისპირ მჯდომი „ლამაზი უცნობი“ ნამდვილად „ის“ არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი, თუ უბრალოდ ილუზიაში ხარ. მხოლოდ ერთს გეტყვით: მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებ, დინებას მიჰყევი! არარეალურ ფანტაზიებზე მოლოდინის დამყარება ზრდასრულ ადამიანებს აღარ შეეფერებათ. მოკლედ, ნუ იოცნებებ, უბრალოდ, იცხოვრე და დააკვირდი, რა მიმართულებით განვითარდება თქვენი ურთიერთობა.

4. შეეშვი ერთნაირ პიროვნებებს

გასაგებია, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხედვა აქვს და კონკრეტული ტიპის ადამიანები იზიდავს, მაგრამ ეცადე, მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღო. მით უმეტეს, თუ შეცდომა უკვე დაუშვი და გულის სიღრმეში გადასარევად ხვდები, რომ, მაგალითად, ადამიანი მხოლოდ გარეგნული ნიშნებით არ ფასდება, ან მამაკაცი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს, სინამდვილეში საქმის გამკეთებელი არ არის.

3. რატომ უარყოფ საკუთარ პრობლემებს?

წარსულზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, თუმცა კარგი იქნება, შენს ქცევებსა და გადაწყვეტილებებს თვალს თუ გადაავლებ და გაიაზრებ, რომელმა მათგანმა განაპირობა უარყოფითი შედეგები. ხანდახან წარსულის ნეგატიური გამოცდილებები ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და ახალ ურთიერთობებს განვითარების საშუალებას არ აძლევს, ძველი შეცდომების აწონ-დაწონა კი წინსვლაში დაგეხმარება!

2. ნუ ჩაითრევ ურთიერთობაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან

სულ ცოტა, ისეთ ადამიანებს შეეშვი, რომლებიც სათანადოდ არ გაფასებენ. ნურც მათი საქციელის ახსნას შეეცდები: თუ ისე გიჟდება შენზე, როგორც თავად გგონია, მაშინ ყველანაირად ეცდებოდა, არაფერი შეშლოდა!

მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცს შენს „პარტნიორს“ უწოდებ, ის მართლაც შენი პარტნიორი არ გახდება. შენ მას ვერ შეცვლი და ისეთ ქცევას ვერ აიძულებ, რისთვისაც მზად არ არის. სასწრაფოდ უნდა გააცნობიერო, რომ, თუ მამაკაცს არ უნდიხარ, შენი მხრიდან ურთიერთობისთვის განხორციელებული ნებისმიერი მორალური/ფინანსური ინვესტიცია მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუების საფუძველია.

1. მარტო ყოფნა ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის

გეთანხმებით, ყველას გვინდა, გვერდით ვიღაც გვყავდეს. ხანდახან ამის გამო დეპრესიაშიც კი ვვარდებით ხოლმე. თუმცა არასოდეს იყო ისეთი ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ბოლო ვარიანტი ხარ! თანაც, როდესაც ქალი მარტო ყოფნის გამო ძალიან ნერვიულობს, ეს ყოველთვის სახეზე ეტყობა, რაც მამაკაცებს საოცრად აშინებთ! ამიტომაც, დატკბი თავისუფლებით და, უბრალოდ, ნუ გაუშვებ ხელიდან შანსს, საინტერესო ადამიანები გაიცნო!

კომენტარები