გაუგებრობას ყველანი გავურბივართ, რადგან ზედმეტი კონფლიქტი, ჩხუბი და იმის გარჩევა, თუ ვინ განაპირობა ურთიერთობაში გაუგებრობა, დამღლელი და არასასიამოვნო ფაქტია. თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ და მაშინ, როცა ურთიერთობაში გაუგებრობები გვექმნება, ჩვენი კონფლიქტურობაც იმატებს და შესაძლოაიმ ფორმამდეც მივიდეს, რომ გარდა ჩვენი ნერვებისა, ურთიერთობაც საკმარისზე მეტად დაზიანდეს.
თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელიც ურთიერთობაში არსებულმა გაუგებრობებმა შეაწუხა, მაშინ, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და დაძლიეთ ყველანაირი გაუგებრობა!
1. ნუ ივარაუდებთ, ჰკითხეთ
გაუგებრობას ყველაზე ხშირად ის იწვევს, რომ პარტნიორები ერთმანეთს არ უსმენენ, არ ეკითხებიან იმ ეჭვების შესახებ, რასაც ვარაუდობენ. სწორედ ამიტომ, ჰკითხეთ თქვენს პარტნიორსა თუ მეგობარს ყველაფრის შესახებ, რასაც მოიაზრებთ და ფიქრობთ. ეს არის პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი, გაუგებრობის თავიდა საცილებლად.
2. დარწმუნდით, რომ პრობლემის გადაჭრა ორივეს გსურთ
თუ პრობლემის გადაწყვეტა და კონფლიქტების თავიდან აცილება პარტნიორებს შორის მხოლოდ ერთ-ერთს სურს, მერწმუნეთ, ბევრს ვერაფერს გახდებით. გაარკვიეთ სურს თუ არა გაუგებრობის დაძლევა თქვენს მეგობარსა თუ პარტნიორს და ერთად იპოვეთ გამოსავალი.
3. კონფლიქტის ადგილი ყველგან არ არის
გადაწყვიტეთ საკუთარი პრობლემები პირად სივრცეში და არა საჯაროდ. კონფლიქტების საქვეყნოდ გაჩაღება ცუდი ტონია და მსგავს შემთხვევებში, გამოსავალი თითქმის არ არსებობს. ასეთ ფაქტებს ურთიერთობა დასასრულამდე მიჰყავს. როგორც არ უნდა აფეთქდეთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი გაუგებრობა მხოლოდ თქვენი საქმეა და მასზე, აუცილებლად, მშვიდ, წყნარ ადგილას უნდა ისაუბროთ.
4. ნუ მისცემთ საკუთარ ეგოს უფლებას გაამწვავოს თქვენი გაუგებრობა
ყველაზე ხშირად, ადამიანებს, ერთმანეთისთვის საკუთარი დანაშაულის გულრწფელად აღიარება, ბოდიშის მოხდა და საკუთარი აზრების დაუფარავად გამხელა უძნელდებათ. ასეთ შემთხვევებში, ეგოცენტრიზმი მათ გონებას უბინდავს და გაუგებრობაში მყოფნი ცხარე კონფლიქტებამდე მიდიან. ნუ მისცემთ თქვენს ეგოს უფლებას, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა დასასრულისკენ წაიყვანოს.
5. იპოვეთ გაუგებრობის საფუძველი
დაფიქრდით, რეალურად რამ წარმოქმნა არსებული გაუგებრობა? თუ შეძლებთ და იპოვით გაუგებრობის მიზეზს, მისი აღმოფხვრისა და დაძლევის მეთოდებსაც ძალიან მალე მიაგნებთ.
6. აღიარეთ საკუთარი შცდომა
აქაც გაითვალისწინეთ, რომ ეგოცენტრიზმი დამღუპველია. უნდა შეძლოთ და აღიაროთ საკუთარი დანაშაული, შეცდომა, არასწორი ქმედება, მაშინ, როცა პარტნიორები თქვენი გაუგებრობის მიზეზებზე ისაუბრებთ და მიხვდებით, რომ სადღაც თქვენც შეგეშალათ. არ აქვს მნიშვნელობა გაუგებრობა პირად ურთიერთობებში გაქვთ, მეგობრულში, სამსახურში თუ სხვაგან. გამოსავალი ერთია, აღიარეთ!
7. პრობლემას მიუდექით ცივილურად
ხშირად, გაუგებრობისას, ზრდასრული ადამიანებიც კი, პატარა ბავშვებივით იქცევიან. გახსოვდეთ, ყვირილი, უტაქტო გამოხატვის ფორმები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფების მიყენება გამოსავალი არ არის. მიუდექით პრობლემას ცივილურად, ისაუბრეთ მშვიდად, აუღელვებლად და პრობლემის გადაჭრის რაციონალური გზები ეძებეთ.
8. იყავით გულახდილი
სიმშვიდესთან ერთად, გულრწფელობაც გამოიჩინეთ და ღიად ესაუბრეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხშირად, ყველაფრის თავი და თავი, კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავება ხდება. იყავით გულრწფელები და გადაარჩინეთ თქვენი ურთიერთობები.