ის, რომ რაიმეს გაკეთება რთულია, არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია

ადამიანი ადამიანად საკუთარი ჩვევებით შეიცნობა. ერთ-ერთი კანადელი ნოველისტი, ალბერტ პარკერი წერდა, რომ „არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა ადამიანზე, როგორიც მისავე ჩვევებს“. შესაბამისად, არც ის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ადამიანის წარმატების განმაპირობებელიც ხშირად ის ჩვევები ხდება, რაც მას აქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიწყობს ხელს წარმატებაში და პირიქით.

ადამიანის ჩვევების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირია საპირისპიროს მტკიცების შემთხვევები, ეს მართლაც ასეა. ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, რთულად მიიღწევა და რთულად შენდება. იმის გამო, რომ კარგ ჩვევებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია, შესაბამისად, არც მათ ჩამოყალიბებაზე მუშაობაა მარტივი.

ის, რომ რაიმეს გაკეთება რთულია, არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. კარგი ჩვევების შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

გთავაზობთ 7 სასარგებლო რჩევას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ:

არ გადადოთ

ყველაზე მთავარი, რაც კარგი ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, ის არის, რომ საქმე არასოდეს გადავდოთ და ცვლილებები რეალურად განვახორციელოთ. ადამიანების უმრავლესობას დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ გადადებული საქმე და ცვლილებები ორი შეუთავსებელი რამაა.

ხომ არ გეცნობათ ფრაზები: „ხვალ გავაკეთებ“, ან „შემდეგ კვირაში დავიწყებ“?! ნუ მოვიტყუებთ თავს. თუ ნამდვილად გსურთ რაიმეს გაკეთება, დაუყოვნებლივ დაიწყეთ. ჩარლზ დიკენსი წერდა: „გირჩევთ, არასოდეს გადადოთ საქმე ხვალისთვის, თუ მისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს. გადადება დროის ქურდია!“

იქონიეთ დიდი ოცნებები და პატარა მიზნები

წარმატების გზაზე ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზნები, რომელთა მიღწევაც სურს. მსგავსი მიზნები მოტივაციას აძლევს, რომ კონკრეტული ჩვევები შეიძინოს. მცირე და მოკლე დროში განსახორციელებელი მიზნები აუცილებლად მიგვიყვანს გრანდიოზულ შედეგებამდე, რომლებზეც მუდამ ვოცნებობდით.

ჩავთვალოთ, რომ თითოეული მცირე საქმე, თითოეული პატარა მიზანი კიბის თითო საფეხურია, რომელსაც საბოლოოდ სიმაღლეებამდე მივყავართ.

ამ საკითხზე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ დიდი ოცნებები ადამიანს გაცილებით დისციპლინირებულს ხდის, მცირე მიზნები კი საბოლოოდ დიდი ოცნებების ახდენას განაპირობებს.

ყოველდღიური მცდელობები, ყოველდღიურად კონკრეტული სრულფასოვანი ქმედებები ადამიანს უნერგავს რწმენას, რომ საბოლოო მიზნებსა და ოცნებებსაც აუცილებლად აიხდენს.

მათ, ვისაც დედლაინზე მუშაობა უწევთ და გამუდმებით ექმნებათ პრობლემები, მიზნად უნდა დაისახონ სამუშაო ჩვევების ჩამოყალიბება. ასეთ პირობებში მუშაობისა და ცხოვრების შემთხვევაში, სასურველია, ადამიანებმა წინა ღამით დაგეგმონ მომდევნო დღე და ადრე გაღვიძებასა და ადგომას მიეჩვიონ. ასევე, მნიშვნელოვანია, შეამცირონ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელში ატარებენ.

დამეთანხმებით, ამ ჩვევების გამომუშავება მარტივი არ არის, თუმცა საჭიროა. და მანამ, სანამ ავტომატურად არ დავიწყებთ მათ განხორციელებას, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება დედლაინთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

იქონიეთ გეგმა

კარგი ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში დაგეგმვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როცა ადამიანები რაიმეს გეგმავენ, პარალელურად იმასაც აანალიზებენ, რატომ აკეთებენ ამას. გეგმა გვეხმარება, განვსაზღვროთ პრიორიტეტები.

თავის მხრივ, პრიორიტეტების განსაზღვრა ხელს გვიწყობს, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ გვსურს კონკრეტული მიზნის მიღწევა და რატომ არის აუცილებელი მისკენ სწრაფვა.

„თუ-მაშინ“ წინადადებები

ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ კონკრეტული ნაბიჯების თუნდაც მხოლოდ იმიტომ გადადგმა, რომ შედეგი დავინახოთ. სასურველი შედეგებისთვის კი ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები მკაცრად უნდა განვსაზღვროთ. „თუ-მაშინ“ წინადადებები სწორედ ამაში დაგვეხმარება. მაგ.: „თუ დილით ადრე ავდგები, სამსახურში წასვლამდე სირბილს მოვასწრებ“. ან: „სირბილი საჭიროა, რათა უფრო ორგანიზებულად და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო“.

განტვირთვა

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, კონკრეტული ჩვევის ჩამოყალიბება რთული პროცესია და სავსებით შესაძლებელია, ამ პროცესში შეცდომები დავუშვათ. ქმედებებს შორის აუცილებელია, შევისვენოთ და საკუთარ თავს განტვირთვის უფლება მივცეთ. მაგალითად, კვირაში ერთხელ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, იმაზე დიდხანს ვიძინოთ, ვიდრე დანარჩენ დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, განტვირთვის გარეშე შესაძლოა, ძალიან მალე გადავიღალოთ და მარტივად დავყაროთ ფარ-ხმალი.

იმისთვის, რომ ცუდ და არაჯანსაღ ჩვევებს არ დავუბრუნდეთ, ვეცადოთ, ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხში განტვირთვის საშუალებებს მივმართოთ და შიგადაშიგ დავისვენოთ კიდეც.

ორიენტირდით წარმატებაზე

უნდა გახსოვდეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ნუ მივეცემით სასოწარკვეთას. მეტიც, ამის თავიდან ასაცილებლად გავიხსენოთ უკვე შესრულებული მცირე მიზნები. არ არის აუცილებელი, საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ დავსაჯოთ, რომ გადაღლილზე ჩაგვეძინა და წინა დღის დაგეგმვა ვერ მოვასწარით. მივმართოთ ფიქრები დადებითისკენ. მაგალითად, გვახსოვდეს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს წარმატებით გავართვით თავი.

გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი

აუცილებელია, კარგად გავაანალიზოთ, ცხოვრების რომელ წესს შეგვიძლია, შეველიოთ და რომელს ვერასოდეს დავთმობთ. მაგალითად, თუ ღამის ცხოვრება გხიბლავთ და წვეულებებსაც ხშირად სტუმრობთ, ადვილი მისახვედრია, რომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, დილის 6 საათზე ვერ ადგებით.

პრიორიტეტებთან ერთად, არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ. მნიშვნელოვანია, სწორად გააკეთოთ არჩევანი, რისი გაკეთება მოგწონთ და რისი გაკეთებაა უმჯობესი. ელეონორა რუზველტის ცნობილი ფრაზისა არ იყოს: „ცხოვრების მარათონში ჩვენსავე თავებს მიმართულებებს მხოლოდ ჩვენ ვაძლევთ, ეს პროცესი უწყვეტია და სიკვდილამდე გრძელდება. ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ, პასუხისმგებლობაა“.

ცუდი ჩვევების მოშორება ყოველთვის ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საჭირო და სწორი ჩვევების ფორმირებას ეღობება წინ. საკუთარ არჩევანზე თავად ხართ პასუხისმგებელი და საკუთარ თავზე კარგ მრჩეველსაც ვერსად იპოვით.

გამოყავით დრო ამ საკმაოდ რთული პროცესისთვის და გამოიჩინეთ მონდომება და მოთმინება.

კომენტარები