როგორ მოვიპოვოთ კოლეგების პატივისცემა

მცდარია მოსაზრება, რომ კოლეგების პატივისცემის მოპოვებაში შესაშური თანამდებობა ან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება დაგეხმარება. მიყევი ჩვენ წესებს და თავის ღირსეულად დამკვიდრებას ნებისმიერ ორგანიზაციაში შეძლებ: 5 მარტივ ხერხს გასწავლით, რომლებიც დამაჯერებლობის და სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნარებს განგივითარებს.

5. იყავი საკუთარი თავი და არა პერსონაჟი, რომლის როლსაც თამაშობ

ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი თავისგან განსხვავებული პიროვნება უნდა შექმნან, გარშემომყოფების პატივისცემა რომ დაიმსახურონ: ბოსებს მიაჩნიათ, რომ ავტორიტეტულ ტიპაჟებს უნდა წარმოადგენდნენ, გაყიდვების განყოფილების თანამშრომლებს — სწრაფად მეტყველებდნენ, ინჟინრებს — მოსაწყენები იყვნენ, და ა.შ. თუმცაღა, პატივისცემას იმით უფრო მოიხვეჭ, თუ შეგიძლია იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ, ვიდრე — უნარით, შენთვის უცხო პიროვნების როლი ითამაშო. ადამიანებს ბუნებრივი ალღო აქვთ, სიყალბე იგრძნონ, ხელოვნურ პიროვნებებს კი არასანდოდ, საკუთარ თავში არც თუ ისე დარწმუნებულად და უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

მეორე მხრივ, ხალხი ისეთი პიროვნებებისკენ მიილტვის, რომლებიც „ნამდვილები“ არიან. ამიტომაც, პატივისცემის მოპოვების ფუნდამენტია, იყო საკუთარი თავი, თანაც შენი საუკეთესო თვისებებით.

4. გამოხატე ინტერესი სხვა ადამიანების მიმართ

თუ სხვების აზრი ნამდვილად გაინტერესებს, ადამიანების კარგად მოსმენა, ოღონდ — ნამდვილად მოსმენა უნდა შეძლო. როდესაც დაინახავენ, რომ მათ პრობლემებს გულით იზიარებ, რთულ სიტუაციაში აუცილებლად გაუჩდებათ სურვილი, გითხრან, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სამსახურში, რაზე ოცნებობენ, რა მიზნები აქვთ და რისი ეშინიათ.

ადამიანების ამ თვისებების შესწავლა, არა მხოლოდ საკუთარი საქმის უკეთ კეთებაში დაგეხმარება, არამედ — დაინახავ, რა საუკეთესო გზების მოძიება შეგიძლია სხვების დასახმარებლად. ეს კი მნიშვნელოვანია: როდესაც ადამიანებს ეხმარები, მათი შენდამი პატივისცემა იზრდება.

უფრო მეტიც, სხვა ადამიანებით დაინტერესება ნებისმიერი საქმის უკეთ გაკეთებაშიც გეხამრება: ბოსები უფრო მარტივად მართავენ ადამიანებს, როდესაც მათი ესმით, გაყიდვების მენეჯერები იოლად აკეთებენ აღმოჩენებს მომხმარებელთა საჭიროებების შესახებ, ინჟინრები კი ისეთ პროდუქტებს ქმნიან, რომლებიც მეტი ადამიანის მოთხოვნილებებს ერგება.

3. შეაქე, როდესაც საჭიროა

არის მომენტები (მაგალითად, შენი CV-ს განახლება), როდესაც საკუთარი თავის შექებაც გიწევს. თუმცა, თუ თანამშრომლების მხრიდან პატივისცემა გსურს, ეს იშვიათად და თანაც დიდი ინტერვალების გამოტოვებით უნდა ხდებოდეს. ბიზნესში თითქმის ყველა მიღწევა გუნდის ძალისხმევის შედეგია. როდესაც ვინმეს სახალხოდ შეაქებ იმისათვის, რომ შენი საქმის შესრულებაში დაგეხმარა, სხვა დროს უფრო მეტი შანსი გექნება, ის ადამიანი შენ დასახმარებლად განაწყო.

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საჭირო დროს ადამიანების შექება მათდამი პატივისცემას გამოხატავს, რაც, თავის მხრივ, მათი მხრიდან შენდამი პატივისცემას განაპირობებს.

2. ჩაიცვი სამსახურის შესაბამისად

ვერ გეტყვით, კარგია ეს თუ არა, მაგრამ ადამიანები ხშირად იმ ვიზუალური სიგნალების მიხედვით გაფასებენ, რომლებსაც მათ მიმართ გასცემ. როდესაც ხალხს პირველად ხვდები, ისინი ყველაფერს ამჩნევენ — შენ სამოსს, საათს, სამკაულებს, სამუშაო ქეისს, მაკიაჟს, სახის კანის ფერს, გამომეტყველებას… ამიტომაც, შენსავე ინტერესებში შედის, იფიქრო, როგორ აღიქმება შენ მიერ შეთავაზებული „სრული პაკეტი“. შეგნებულად შექმენი ვიზუალური სიგნალიები, რომლებიც ადამიანებს მიანიშნებს, რომ სწორედ შენ ხარ ის, ვისთანაც ბიზნესი უნდა აკეთონ.

თუ ჩაცმის და სტილის საკითხებში მაინცდამაინც ვერ ერკვევი, გარეგნული თვისებების დასახვეწად შესაძლებელია რჩევა კოლეგებს ან ბოსს ჰკითხო. თუ გაგიმხილეს, რომ იმიჯის შესაფერისად არ გამოიყურები, საკუთარ თავზე იმდენი იმუშავე, სანამ ამბიციის შესაბამის ვიზუალს არ შეიქმნი.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფულის დახარჯვა და ძვირიანი სამოსის შეძენა მოგიწევს? — აბსოლუტურად, თუ ამას სამსახურის ბუნება მოითხოვს. მიგიწვდება ხელი ამა თუ იმ ლუქზე? მაშინ ტანსაცმელი პრიორიტეტულ დანახარჯებს შორის მოაქციე!

1. დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი

მოლაყბე ადამიანებს პატივს არავინ სცემს. ამიტომაც, სანამ რამის თქმას გადაწყვეტ, რამდენიმე წამს დაფიქრდი და აზრი კარგად ჩამოაყალიბე. მოიფიქრე, კომუნიკაციისთვის რა გზა აჯობებს.

პაუზებით საუბარი სიტყვების არასრულად გამოთქმას და აზრების გაუგებრად გადმოცემას აგარიდებს და ჭკვიანი პიროვნების შთაბეჭდილებასაც დატოვებ. თუ ვინმეს კომენტარს ეხმაურები, პაუზა იმასაც გამოხატავს, რომ მისი მოსაზრება კარგად გააანალიზე და მომზადებული პასუხის გაცემას აპირებ.

თანაც, ლაპარაკის წინ დაფიქრება ჭორების გავრცელებისგანაც დაგიცავს, რაც, გაუაზრებელი საუბრის გამო, შეიძლება მომავალში სანანებელი გაგიხდეს. როგორც აბრაამ ლინკოლნმა ერთხელ თქვა, „სჯობს, სიჩუმე შეინარჩუნო და სულელი ეგონო, ვიდრე ხმა ამოიღო და ეს ეჭვი დაამტკიცო“.

კომენტარები