„ტოროლა“ ვარ თუ „ბუ“?

ძილის მიხედვით ადამიანები 4 ტიპად იყოფიან

უმეტესობის წარმოდგენით, ძილის მიხედვით ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან: „ტოროლებად“ და „ბუებად“, და საკუთარ თავსაც ამ რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნებს. თუმცა, დღესდღეობით ძილის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დაყოფა მაინცდამაინც ზუსტი არ არის, თანაც ძილის გრაფიკის აუცილებლად „ტოროლას“ ან „ბუს“ რეჟიმზე გადაწყობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ძილის სპეციალისტი და ბესტსელერის ავტორი მაიკლ ბრუსი აცხადებს: „ადრე მეც მიმაჩნდა, რომ ცირკადიული (დღე-ღამის ძილის ციკლი) ციკლის მიხედვით, ადამიანები 2 ჯგუფად იყოფოდნენ, ერთ დღეს კი კლასიკური ინსომნიით დაავადებული პაციენტი მივიღე, რომელზეც მკურნალობის არც ერთმა ჩემმა მეთოდმა არ იმოქმედა. სწორედ მაშინ დავფიქრდი და გადავწყვიტე, არსებულ ლიტერატურას ჩავღრმავებოდი, შედეგად კი აღმოვაჩინე, რომ ძილის მიხედვით ადამიანები 4 ტიპად იყოფიან. ესენია: „ლომი“ – რომელიც დილას ძალიან ადრე იღვიძებს; დათვი – რომელიც ნორმალურ დროს იღვიძებს; „მგელი“ – რომელსაც გვიანობამდე არ სძინავს და „დელფინი“ – იგივე ინსომნიით დაავადებული“.

სტატისტიკურად ადამიანების 15% „ლომების“, იგივე „ტოროლების“, კატეგორიას მიეკუთვნება; კიდევ 15% „მგელია“; „დათვები“ კი ადამიანების 50-55%-ს შეადგენენ. რაც შეეხება „დელფინებს“, მათი პროცენტული მაჩვენებელი 10-დან 15%-მდე მერყეობს. ეს სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ადამიანების უმრავლესობა „დათვია“ – რაც შუადღისას აქტიურობასა და ენერგიულობას გულისხმობს. შესაბამისად, სტერეოტიპული მოსაზრება, თითქოს „ბუებისა“ და „ტოროლების“ რაოდენობა თანაბრად ნაწილდება, მცდარია.

პროფესორ ბრუსის განცხადებით, ცირკადიული ციკლის მიხედვით, ადამიანების ძველი კლასიფიკაცია მხოლოდ დაძინებისა და გაღვიძების დროით განისაზღვრებოდა, უშუალოდ ძილის მსვლელობაზე კი არავინ ფიქრობდა. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს PER3 გენი და ჩვენს სხეულში ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერება – ადენოზინი განსაზღვრავს. ბრუსი პაციენტებს ძილის მსვლელობის მოწესრიგების მიზნით სპეციალურ დიეტებსა და ვარჯიშს უნიშნავს და ურჩევს, ცხოვრების სტილი შეცვალონ.

„ლომებს“ ბუნებრივად ადრე ეღვიძებათ – დაახლოებით 5:30-ზე. ეს, ერთი მხრივ, დილით ადრე ადგომის პრობლემას გამორიცხავს, თუმცა, რაც შეეხება გამოძინებას, ამ მხრივ, საქმე ცოტა რთულად აქვთ. პროფესორი მათ ურჩევთ, საღამოობით ან დილით ადრე ივარჯიშონ: საღამოს ვარჯიში აქტიური დღის გახანგრძლივებაში დაეხმარებათ და შესაბამისად, დილით ნორმალურ დროს – არც ძალიან ადრე გაეღვიძებათ.

რაც შეეხება „დელფინებს“, ბრუსი მათ ცილებით მდიდარი საუზმის მიღებას ურჩევს, მაგალითად, ომლეტსა და ავოკადოს; „დათვებმა“ კი სასურველია, ისე გაიღვიძონ, რომ მაღვიძარა არ დააპაუზონ, შემდეგ კი, სანამ ყავას მიირთმევენ, ერთი ჭიქა წყალი დალიონ. საინტერესოა, რომ პროფესორი „დათვებს“ ყველაზე მხიარულ, უპრობლემო და კომუნიკაბელურ ადამიანებად ახასიათებს და ხაზგასმით მიუთითებს, წყლის ბალანსი აკონტროლონ: „ზოგადად, ადამიანი ღამის ძილის დროს დაახლოებით 1 ლიტრ წყალს კარგავს, სწორედ ამიტომ ვიღვიძებთ დილაობით გამომშრალი ტუჩებით. თუ ამ პრობლემას უჩივით, ჩანთაში მუდმივად იქონიეთ წყლის ბოთლი და გახსოვდეთ, რომ კოფეინი დეჰიდრატაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ასე რომ, თუ დილაობით ყავას მიირთმევთ, მეტი წყალი უნდა დალიოთ“.

პროფესორ ბრუსის განცხადებით, კაცობრიობა სწორედ „დათვების“ რეჟიმზე დაყრდნობით მოქმედებს: ისინი დაახლოებით 7:30-ზე იღვიძებენ. რაც შეეხება „მგლებს“, ბრუსი მათ დილაობით ფანჯარასთან მისვლასა და მზის სხივებთან მიფიცხებას ურჩევს: „მზის სხივები თვალის განსაკუთრებულ უჯრედებზე მოქმედებს და მელატონინის გამოყოფას ამცირებს, რაც „მგლების“ უდიდესი პრობლემაა. დილით მათ გრილი შხაპის მიღებასაც ვურჩევ, მხოლოდ ზომიერი ტემპერატურის და არა ცივის ან ცხელის, რადგანაც ცხელი წყალი ადამიანს ძილისკენ განაწყობს “.

თუ ჩვენი სტატია ყურადღებით წაიკითხე და დაინტერესდი, რომელ ტიპს მიეკუთვნები, შეგიძლია, პროფესორ ბრუსის სპეციალური ტესტი გააკეთო. მისი კითხვები მხოლოდ ძილის თემას არ ეხება, თუმცა შენ მიერ მიწოდებული სრულიად განსხვავებული ინფორმაცია სწორედ ძილის მიმდინარეობაზე მიუთითებს და ბრუსს ცირკადიული ციკლის დადგენაში ეხმარება: მაგალითად, ბრუსის განმარტებით, „მგლების“ ამოცნობა ერთ-ერთი იმ თვისებითაც შეიძლება, რომ საუზმე არ უყვართ და ლანჩის ან ვახშმის მირთმევას ამჯობინებენ.

კომენტარები